მოსწავლეთა რეგისტრაცია

 

 დამტკიცებულია

შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’

დირექტორის  2023 წლის 15 დეკემბრის N 3/190 ბრძანებით

 

 შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’

 

მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის,

სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესი

 

     თბილისი

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

 

წინამდებარე წესი არეგულირებს შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოში’’ (შემდეგში „სკოლა“) მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტისა და აღდგენის  წესებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. მოსწავლის ცნება

 

მოსწავლე  არის პირი, რომელიც  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს  დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე.

მუხლი 3.  მოსწავლის  სტატუსის მოპოვება – პირველ კლასში ჩარიცხვა

 

  1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
  2. პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;
  3. მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია, სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლაში წარადგინოს შემდეგი საბუთები:

3.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                                      

3.2. ბავშვის  ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                            

3.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;

3.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

3.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლი;  

3.5 ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100;

 

  1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რესურსცენტრის თანხმობით მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემებს და შესაბამის ბრძანებას სკოლა ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
  3. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
  4. სასწავლო წლის დაწყებამდე, ჩარიცხული მოსწავლეების გათვალისწინებით პირველი კლასების დაკომპლექტება (მოსწავლეების გადანაწილება) ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  5. სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
  6. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება პირადი საქმე.

 

მუხლი 4. სკოლაში (გარდა პირველი კლასისა) მოსწავლის ჩარიცხვა

  1. სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე. სკოლა უზრუნველყოფს ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემების და შესაბამისი ბრძანების ასახვას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
  2. სკოლაში სრული ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო/საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) სრულწლოვანი მოსწავლის განცხადება, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში – მშობლის განცხადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას: სკოლაში ჩასარიცხი პირის შესახებ, განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი, მოთხოვნა, განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

  1. მოსწავლის ჩარიცხვის მიზნით წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მშობელია, მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება აღნიშნული ცნობის/დოკუმენტის წარმოდგენისაგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე, ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.

 

მუხლი 5. მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის სკოლაში ჩარიცხვა და მოსწავლის სტატუსის მოპოვება

  1. თუ პირი არ სწავლობდა საქართველოში ან სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა ამორიცხვის საფუძველზე, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ან სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიმართოს სკოლას სწავლის გაგრძელების სურვილით.
  2. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

 

მუხლი 6.  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა       

 

  1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.
  2. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:

ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი;

ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

  1. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.
  2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისთვის მშობელმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • სკოლის მიერ შედგენილი დასკვნა;
  • ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ საქართველოში გაცემული, მაშინ დედანი;
  • თავისი პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
  1. 5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული  ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მშობელი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას, რომელიც გამოსცემს ბრძანებას მოსწავლის შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესახებ და უზრუნველყოფს მოსწავლის სასწავლო პროცესში მონაწილეობას.
  2. მოსწავლე ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შესაბამისი სასწავლო წლის დასრულებამდე.
  3. თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით დაბალ კლასში.
  4. ჩარიცხვის ბრძანების საფუძველზე სკოლა მოსწავლეს ამატებს eschool.emis.ge-ს ბაზაში.

მუხლი 7. მობილობის უფლება

 

  1. მობილობის უფლების განხორციელების უფლება აქვს სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც ირიცხება სკოლაში.
  2. მობილობის უფლების განსახორციელებლად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი. თუ მოსწავლეს შეჩერებული აქვს სტატუსი სკოლაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან სრულწლოვანმა მოსწავლემ უნდა მიმართოს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით იმ სკოლას, რომელშიც სტატუსი აქვს შეჩერებული, ხოლო შემდეგ განხორციელდეს მობილობა.

მუხლი 8. მობილობა

 

  1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდესსკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
  2. მობილობა დაუშვებელია პირველი სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
  3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
  4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით. 
  5. მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ სკოლა ანაწილებს მოსწავლეს შესაბამის პარალელში და არსებობის შემთხვევაში, განაყოფში.

მუხლი 9. მობილობის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  1. მოსწავლის მობილობის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

1.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;

1.2.  მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

1.3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

1.4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                  

1.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

1.6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

  1. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  2. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
  3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

მუხლი 10. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

 

  1. სკოლავალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში,  თუ:

ა)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;

ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

გ)  სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს  რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის  სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.
  2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრულწლოვანის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

 

მუხლი 11. მოსწავლის  შეჩერებული სტატუსის აღდგენა

 

 

  1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
  2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
  3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
  4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
  5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 12. სტატუსის შეწყვეტა დავალიანების გამო

  1. ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობით გაფრთხილებას და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.
  2. წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, თუ მშობელმა არ დაფარა სწავლის გადასახადი, სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. სკოლა მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღეს წერილობით ატყობინებს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
  3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენის შემდგომ სკოლა უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების გატარებას.

 

მუხლი 13. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა

  1. მოსწავლეს კლასი დაძლეულად ჩაეთვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს მიღებული აქვს “ჩათვლა”.
  2. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით, დირექტორის მოადგილის სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე.
  3. 3. კლასიდან კლასში გადასვლის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესით აისახება მოსწავლის პირად საქმეში. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.

 

 

მუხლი 14. საფეხურის დაძლევა

  1. საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
  2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა არის 5.0 ან მეტი რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის აღების უფლებას.

 

მუხლი 15. მოსწავლის ამორიცხვა

  1. მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვისათვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სკოლას შესაბამისი განცხადებით;
  2. საბაზო საფეხურის დასრულებამდე მოსწავლეს შეიძლება ამორიცხოს სკოლიდან მხოლოდ სხვა ავტორიზებულ სკოლაში მობილობით გადასვლის შემთხვევაში;
  3. საშუალო საფეხურის მოსწავლე შეიძლება ამოირიცხოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სრულწლოვანი მოსწავლის განცხადების საფუძველზე, თუკი მოსწავლეს აღარ სურს სკოლაში სწავლის გაგრძელება (მაგ: სურს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ან სხვა მიზეზი).
  4. საშუალო საფეხურის მოსწავლე შეიძლება გაირიცხოს სკოლიდან შინაგანაწესის უხეშად ან არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს.

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

 

  1. მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  2. წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 

 

სწავლა - სწავლების მიზნები